მდგრადი განვითარება — საზოგადოების განვითარების ისეთი სისტემაა, რომელიც მისი ეკონომიკური, ეკოლოგიური სოციალური განვითარებისა ინტერესების გათვალისწინებით უზრუნველყოფს ადამიანის კეთილდღეობას, ცხოვრების დონის ხარისხის ზრდას და მომავალი თაობების უფლებას, ისარგებლონ მაქსიმალურად დაცული, სტაბილური ბუნებრივი რესურსებითა და გარემოთი.
მდგრადი განვითარების მიზნები 17 მიზნისა და 169 ინდიკატორის ერთობლიობაა, რომლებზეც თანხმდება გაეროს ყველა წევრი ქვეყანა უკეთესი და უფრო მდგრადი მომავლის მისაღწევად. იგი გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2015 წლის სექტემბერში A/RES/70/1 (ბმული) რეზოლუციით მიიღო სახელწოდებით „2030-ის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის“.
ეს მიზნები ჩვენ წინაშე არსებულ თანამედროვე გლობალურ გამოწვევებს ეხება: სიღარიბის, უთანასწორობის, კეთილდღეობის, განათლების, მშვიდობისა და სამართლიანობის საკითხებს, ასევე კლიმატურ და ეკოლოგიურ გამოწვევებს.
არავინ დარჩეს პროცესების მიღმა (leaving no one behind) გლობალური დღის წესრიგის გზავნილია მდგრადი განვითარების მიზნებისთვის.
მდგრადი განვითარების მიზნები, ათასწლეულის განვითარების მიზნებს (Millennium Development Goals – MDGs) ეფუძნება, რომელთა შესრულება 2000-2015 წლებში იყო დაგეგმილი. ათასწლეულის განვითარების მიზნები აერთიანებდა 8 კონკრეტულ მიზანს და სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან ერთად, ემსახურებოდა სიღარიბისა და შიმშილის აღმოფხვრას, პირველადი განათლების ხელმისაწვდომობას, გენდერული უთანასწორობისა და ბავშვთა სიკვდილიანობის შემცირებას. ათასწლეულის განვითარების მიზნების ფარგლებში ვერ მოხერხდა ყველა დასახული მიზნის სრულყოფილად მიღწევა, მათი შესრულების ვადის ამოწურვისას მნიშვნელოვანი გამოწვევები ისევ იდგა მსოფლიოს წინაშე. შესაბამისად, გაეროს მიერ ათასწლეულის განვითარების მიზნებს ტრანსფორმირდა ყოვლისმომცველ და კომპლექსურ მდგრადი განვითარების მიზნებში.
მდგრადი განვითარების მიზნები და საქართველო
საქართველომ ხელი მოაწერა ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ამ გაერთიანებაში პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრირების ხელშეწყობის მიზნით. ხელშეკრულება ითვალისწინებს საქართველოს ჩართულობის ზრდას ევროკავშირის სტრატეგიებში, პროგრამებსა და ორგანიზაციებში, ასოცირების შეთანხმების 301-ე პარაგრაფის თანახმად, მხარეები თავიანთ ურთიერთობებს ააგებენ და გააძლიერებენ, მდგრადი განვითარებისა და მწვანე ეკონომიკის გრძელვადიანი მიზნების გათვალისწინებით. ამასთანავე, მდგრადი განვითარების პრინციპების უპირატესობები და მწვანე ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა აღნიშნულია საქართველო სოციალურ-ეკონომიკური განვითარების სტრატეგიაში „საქართველო 2020“.
მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნულ კონტექსტში გადმოტანის ე.წ. ნაციონალიზაციის პროცესი 2015 წელს დაიწყო საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით. საქართველოში გადაიდგა მნიშვნელოვანი საწყისი ნაბიჯები 2030 წლის დღის წესრიგის ეროვნულ კონტექსტში ინტეგრირების, მონიტორინგისა და ანგარიშგების ჩარჩოს ფორმირების მიმართულებით. კერძოდ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელობით შეიქმნა SDG-ების განხორციელების მაკოორდინირებელი უწყება − SDG-ების საბჭო და თემატური სამუშაო ჯგუფები, რომლებიც დახმარებას უწევენ საბჭოს. ამასთანავე, შემუშავდა 2030 წლის დღის წესრიგის ეროვნული დოკუმენტი − SDG-ების მატრიცა (http://sdg.gov.ge/text-page/34), რომლის ფარგლებშიც განისაზღვრა ეროვნული ამოცანები და შეფასების ინდიკატორების, საბაზისო მონაცემებისა და მონაცემთა წყაროების მნიშვნელოვანი ნაწილი. გარდა ამისა, გატარდა ღონისძიებები ამოცანებზე პასუხისმგებელი უწყებების განსაზღვრის კუთხით და მიმდინარეობს მუშაობა მიზნების მიღწევის მონიტორინგისა და ანგარიშგების ვებპორტალის პრაქტიკაში დანერგვის მიმართულებით.
საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, რომლებიც ჩართული არიან მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელებაში:
-
მთავრობის ადმინისტრაცია − მდგრადი განვითარების მიზნების საბჭო;
-
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
-
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;
-
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო;
-
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო;
-
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;
-
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
მოცემული სახელმწიფო ორგანოების ფუნქციები ვრცელდება მდგრადი განვითარების სამივე: ეკონომიკური, სოციალური, გარემოსდაცვითი მიმართულებებით.
მიუხედავად იმისა, რომ მიზნების განხორციელების მაკოორდინირებელი ერთეული − SDG-ების საბჭო მრავალ დაინტერესებულ მხარეს აერთიანებს, იგი არ მოიცავს ყველა რელევანტურ მხარეს, მათ შორის მუნიციპალიტეტებს, აკადემიურ წრეებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლებს.
2019 წელს შეიქმნა ვებპლატფორმა sdg.gov.ge, რომელიც წარმოადგენს მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ საინფორმაციო პორტალს. მისი მიზანია საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების მიმდინარეობის და ასევე მიზნებთან დაკავშირებული სხვა საკითხების შესახებ. სისტემის საშუალებით შესაძლებელია შემდეგი ინფორმაციის და დოკუმენტების ნახვა:
-
მდგრადი განვითარების მიზნების ეროვნული დოკუმენტი;
-
მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების შესახებ ანგარიშები; http://sdg.gov.ge/text-page/43
-
მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების ფარგლებში დაგეგმილი პროექტები, სიახლეები და ღონისძიებები.
ასევე, სისტემატიურად განახლდება ინფორმაცია მდგრადი განვითარების მიზნების უწყებათაშორისი საბჭოს საქმიანობის შესახებ, რომლის ამოცანაა საქართველოში მდგრადი განვითარების მიზნების პროგრესის ზედამხედველობა და მონიტორინგი, შესაბამისი სამთავრობო უწყებების სტრატეგიული ხელმძღვანელობა, მდგრადი განვითარების მიზნების ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე განხორციელების მექანიზმების მხარდაჭერა და მჭიდრო თანამშრომლობა სამოქალაქო საზოგადოებასთან და კერძო სექტორთან.
პორტალის მართვას ახდენს მდგრადი განვითარების მიზნების უწყებათაშორისი საბჭოს სამდივნო, რომელიც დაარსდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით, მდგრადი განვითარების მიზნების განხორციელების კოორდინაციისა და მონიტორინგის მიზნით. ამავე პლატფორმაში ასევე ხელმისაწვდომია განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია მიზნების მიხედვით http://sdg.gov.ge/projects.
მიუხედავად მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯებისა, საქართველოში ჯერ კიდევ მნიშვნელოვანი გამოწვევებია ეროვნულ დონეზე მისადაგებული სამიზნე ინდიკატორების რეალიზების კუთხით. 2019 წელს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ამ მიმართულებით გამოავლინა შემდეგი ხარვეზები.
-
მიმდინარე მდგომარეობით, მთავრობას SDG-ების მატრიცისათვის არ მიუცია ფორმალური სახე;
-
SDG-ების მატრიცის ფარგლებში განსაზღვრული მიზნები, ამოცანები და ინდიკატორები ფრაგმენტულად არის ინტეგრირებული 2019-2022 წლების BDD-ში, სამინისტროების 2019-2022 წლების საშუალო ვადიან სამოქმედო გეგმებში, 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროგრამულ დანართში, მუნიციპალიტეტების პრიორიტეტების დოკუმენტში არ აქვს სისტემატიზებული სახე;
-
SDG-ების საბჭო და თემატური სამუშაო ჯგუფები არ მოიცავს ყველა რელევანტურ მხარეს. ამასთანავე, არ არის განსაზღვრული სამუშაო ჯგუფებში ჩართული კონკრეტული მხარეები და ამ ჯგუფებში მათი როლები. SDG-ების საბჭოსა და სამუშაო ჯგუფებს არ აქვთ გაცხადებული სამოქმედო გეგმები;
-
რიგ შემთხვევაში არ არის განსაზღვრული თითოეული ამოცანის/ინდიკატორის მიღწევაში ჩართული მხარეები და მათი უშუალო პასუხისმგებლობები. ამასთანავე, ფრაგმენტულად არის იდენტიფიცირებული კავშირები SDG-ების ფარგლებში განსაზღვრულ ამოცანებს შორის;
-
მიზნების განხორციელებისათვის საჭირო რესურსების მოცულობა მიმდინარე მდგომარეობით შეფასებული არ არის;
იმავე ანგარიშით SDG-ს საბჭოს წარედგინა შემდეგი რეკომენდაციები:
SDG-ების საბჭომ შეიმუშაოს მონიტორინგისა და ანგარიშგების ჩარჩო, რაც გულისხმობს:
ა) მონიტორინგის ვებპორტალის დროულად დასრულებასა და პრაქტიკაში დანერგვას;
ბ) განმახორცილებელი ორგანიზაციების საბჭოს მიმართ ანგარიშგების ფორმატისა და პერიოდულობის განსაზღვრას;
გ) მიზნების მიღწევასთან დაკავშირებით, ეროვნული პროგრესის შესახებ ანგარიშგების პერიოდულობის განსაზღვრას.
პარტნიორობა განათლებისა და კომუნიკაციისთვის (PEC) აქტიურად ადევნებს თვალყურს ანგარიშით გათვალისწინებული რეკომენდაციების შესრულების პროცესს. დღედღეობით ვებპორტალი პრაქტიკაში დანერგილია, თუმცა არ არის სრულყოფილად შევსებული, შესაბამისად არ არის უზრუნველყოფილი სათანადო გამჭვირვალობა ყველა საჭირო ინფორმაციის ხელმისაწვდომობით, მათ შორის წვდომით მონიტორინგისა და ანგარიშგების ჩარჩოსა და ანგარიშგების პერიოდულობის განსაზღვრაზე. ამასთან, მიზნების განხორციელების მაკოორდინირებელი ერთეული − SDG-ების საბჭოში რელევანტური მხარეების ჩართვა, მათ შორის მუნიციპალიტეტების, აკადემიური წრეებს, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების წარმომადგენლების ხელს შეუწყობს პროცესის ეფექტურ მონიტორინგსა და შესრულებადობას.
გამოყენებული რესურსები:
-
2030 წლის დღის წესრიგი, მსოფლიოს ტრანსფორმაცია − გაერო;
-
2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისათვის − გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) 2015;
-
მდგრადი განვითარების მიზნები რეალობაში − სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკები და გაეროს მხარდაჭერა − გაეროს განვითარების გუნდი (UNDG) 2016;
-
ინსტიტუციონალიზაციისა და კოორდინაციის მექანიზმები − გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP);
-
სექტორული თანამშრომლობა SDG-ების მიღწევისათვის − გაეროს ეკონომიკური და სოციალური საბჭო (ECOSOC);
-
INTOSAI IDI-ს სახელმძღვანელო SDG-ების განხორციელების მზადყოფნის აუდიტთან დაკავშირებით;
-
2019 წლის 6 თებერვლის საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიში.